2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180 ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

05 ნოემბერი 2019, 12:31 2081 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის.

საქართველოში ადრეული ქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ საკუთარ ანგარიშში წერს სახალხო დამცველიც. 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრუწლოვანი დედა და 23 არასრუწლოვანი მამა. მიმდინარე წლის სტატისტიკა კი, ომბუდსმენი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. 

საქართველოში კანონი 2016 წელს გამკაცრდა, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.

სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.

არასრულწლოვანთა ქორწინების ერთ-ერთი ბოლოს შემთხვევის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა. ხულოში 19 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგო მოიტაცა. ბრალდებული ამბობდა, რომ მას გოგოს ცოლად შერთვა სურდა. 

მამაკაცი და მისი ორი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში