ავტომობილები ბათუმის ცენტრალურ პარკში

05 ნოემბერი 2019, 15:58 4552 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მოქალაქეებმა დღეს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი დააფიქსირეს. სავარაუდოდ, საქორწილო ექსკორტის მანქანები პარკში რუსთაველის ქუჩიდან შევიდნენ და ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. 

რა ხდება ეს რა უბედურება #6მაისისპარკში ავტომობილები მოძრაობენ, გასაგებია ვიღაც იტყვის ქორწილიაო, მაგრამ მგონი ეს მიუღებელი უნდა იყოს... ბათუმის მერია/Batumi City Hall იმედია გაგვცემთ ამ კითხვაზე პასუხს'' - დაწერეს სოციალურ ქსელში. 

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ავტომობილები პარკის ტერიტორიაზე უნებართვოდ, თვითნებურად შევიდნენ. 

"ავტომობილის მძღოლები ფოტოების გადასაღებად პარკის ტერიტორიაზე თვითნებურად შევიდნენ. დაცვის პოლიციამ როგორც კი შენიშნა მაშინვე ჰქონდათ რეაგირება და ფაქტიურად ავტომობილებმა პარკის ტერიტორია 5-6 წუთში დატოვეს. ვინაიდან მძღოლები დაცვის პოლიციის გაფრთხილებას დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის გამოძახება საჭირო არ გახდა"- ამბობენ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოში.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ წელს მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა.

ფოტოები: ფეისბუქ გვერდი ''უპატრონო ბათუმი''

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში