სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ვიქნებით მკაცრები - შსს

08 ნოემბერი 2019, 14:06 1068 ნახვა

''საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა,'' - წერია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა, განურჩევლად სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. 

''სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი, რაც უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას და ნებისმიერი პირისთვის კანონდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვრცელდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში