ქობულეთში რწმუნებულებს 500, 600 და 1000 ლარის აღებას ედავებიან 

11 ნოემბერი 2019, 10:53 2846 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში დაკავებული მერიის ოთხი თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. ოთხივე დაკავებულს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. დაკავებულები არიან საჩინო, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები. მათ სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შესახებ იცოდნენ, თუმცა თანხა აიღეს და სანაცვლოდ დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს. სამ სოფელში საზოგადოებრივი ობიექტების აშენება იგეგმებოდა, გათვალისწინებული იყო 36 000 ლარამდე. სასამართლო პროცესზე თქვეს, რომ რწმუნებულებმა ქრთამის სახით 500, 600 და 1000 ლარი აიღეს.

ქობულეთის მერიის ერთი თანამშრომელი და სამი რწმუნებული პარასკევს აიყვანეს. საქმეზე გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე, ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში