"არ გაბედო ჩვენი გადაგდება" - პარლამენტთან "სირცხვილიას" საპროტესტო აქცია

13 ნოემბერი 2019, 12:14 1383 ნახვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "არ გაბედო"  ამ სლოგანით აქტივისტები  2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საფრთხეებს აპროტესტებენ. ამბობენ რომ  ყველაფერს გააკეთებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინიციატივის ჩაშლა ვერ შეძლოს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პარლამენტში მოსახვედრად 0% ბარიერის დაწესება, "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის აქციების შემდეგ დააანონსა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "გავრილოვის ღამის" შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების "სირცხვილიას" მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, "მართველი გუნდი" აკმაყოფილებს. 

საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს უმრავლესობამ, მის მიერ მომზადებულ პროექტზე მსჯელობა  დაიწყო, თუმცა მმართველი გუნდის ნაწილი არ თანხმდება ამ სისტემაზე გადასვლას. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ და შემდეგ მომზადებულ პროექტის ჩაგდებაზე იწყებს მუშაობას. 

ოპოზიციაში  მიიჩნევენ, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია და დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ და  თუ კი ეს დადასტურდება და პროექტი ჩავარდება, მმართველ გუნდს  პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

"სირცხვილიას" აქტივისტები კი აფრთხილებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ "არ გაბედოს" მათ "გადაგდება და დანაპირები შეასრულოს.  

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში