აჭარაში, ბავშვთა სკოლა-პანსიონის კვების ბლოკში დარღვევები გამოვლინდა - სააგენტო

14 ნოემბერი 2019, 10:26 3884 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კაფე-ბარები და რესტორნები, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები შემოწმდა.

უწყების ინფორმაციით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის დარღვევები აღინიშნა აჭარის, ქვემო ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

 

კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი აჭარაში არსებულ სკოლა-პანსიონში მაუწყებელი აზუსტებს. განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

ფოტო:არქივი

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში