ქობულეთელმა აქტივისტმა ''ქართული ოცნების'' რიგები დატოვა

17 ნოემბერი 2019, 16:16 5083 ნახვა

''დავტოვოთ ''ქართული ოცნების'' რიგები და გადმოვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს'' - ეს განცხადება  აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე მანუჩარ ვერულიძემ გააკეთა. ის ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის აქტიური მხარდამჭერი იყო, დღეს კი პოლიტიკური პროცესების გამო, მათ ემიჯნება. 

"უსამართლობასთან ბრძოლისთვის გავწევრიანდი თავდაპირველად "ქართულ ოცნებაში" და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდი. დღეს დავტოვე "ქართული ოცნება" და აქციის მონაწილეებს შევუერთდი. მოვუწოდებ ყოფილ თანაგუნდელებს, ვისაც ღირსება შერჩენია პარტია დატოვოს და ხალხის რიგებს შეუერთდნენ",- განაცხადა მანუჩარ ვერულიძემ.

ბათუმში აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე მოქალაქეები სიტყვით გამოდიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი  ''ქართული ოცნების'' წარმომადგენელს დაუკავშირდა. გელა გოგიტიძის  თქმით, მანუჩარ ვერულიძე პარტიის და შტაბის წევრი არასდროს ყოფილა. 

''მანუჩარ ვერულიძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე ის დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერდა მხარს. ვერულიძე, სოფო ასამბაძის შტაბის წევრი და ''ქართული ოცნების'' მოწინააღმდეგე იყო. როგორც მახსოვს 2012 წელს მანუჩარ ვერულიძე ''თავისუფალი დემოკრატებიდან'' იყო აქტივისტი. დღეს ის არ არის ''ქართული ოცნები'' წევრი და არასდროს არ ყოფილა ორგანიზაციაში გაწევრიანებული,'' - განაცხადა "ქართული ოცნების" ქობულეთის ორგანოზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გელა გოგიტიძემ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში