ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია რეაგირებას მოახდენს - შსს

18 ნოემბერი 2019, 13:37 1511 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მიმართა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერი, რომ პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.

''17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს,''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში