გიორგი კოხრეიძის პირველი განაცხადი 

23 ნოემბერი 2019, 20:20 1986 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი კოხრეიძე ამ პოზიციაზე დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენებიდან 7 თვის შემდეგ, 3-ჯერ ჩავარდნილი, მეოთხედ კი მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობით ჩატარებული კონკურსით აირჩიეს. ამ მოწვევის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრიდან 3 „ქართ. ოცნების“ მიერ არის წარდგენილი. საბჭოში სწორედ ქართული ოცნების კვოტით გიგა ჩხარტიშვილის მოსვლის შემდეგ განხორციელდა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი. პროცესში პოლიტიკური დაკვეთა და ინტერესი მხოლოდ ხელისუფლებამ ვერ დაინახა.

მედიაექსპერტები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და რაც მთავარია, ჩვენ, ამ მაუწყებლის ჟურნალისტები დღესაც მივიჩნევთ, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო პოლიტიკური სამიზნე გახდა და პროცესები ძალიან გაშიშვლდა. გიორგი კოხრეიძე მეოთხე კონკურსის განმეორებითი კენჭისყრით აირჩიეს. ასე მოაგროვა მან საჭირო 3 ხმა. მეოთხე კონკურსისას მისი კონკურენტი, მაუწყებლის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ამ გადაცემის წამყვანი ლაშა ზარგინავაც იყო. ვინაიდან დღეს სწორედ ამ კონკურსზე ვიმსჯელებთ, უმჯობესად ჩავთვალეთ გადაცემა ამჯერად მას არ წაეყვანა.

სწორედ ამიტომ ვხვდებით მე და თქვენ ახლა  ერთმანეთს ამ ფორმატში.   ახალმა დირექტორმა მაუწყებელს პირველი ინტერვიუებიც მისცა. რადიოში და სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ  ჟურნალისტმა სტუმარი არ უნდა გააღიზიანოს და უნდა გააკრიტიკოს როგორც ძმა და შვილი. „შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?“ -ეს კითხვაც დირექტორმა დაუსვა მთავარის წამყვანს თეონა ბაკურიძეს. ვისთვის საგანგაშო სიგნალი და ვისთვის ახალი ტენდენციის დამკვიდრების მცდელობა?

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში