ბათუმის ბაღებში 21 ვაკანსიაზე 700 განაცხადი შევიდა 

26 ნოემბერი 2019, 15:03 2885 ნახვა

ბათუმის ბაღების გაერთიანებას, სხვადასხვა ბაღში 18 აღმზრდელისა და 3 გამგის ვაკანსია აქვს. ბაღების გაერთიანებაში 23-ე, 30-ე და 33-ე საბავშვო ბაღების გამგეებს არჩევენ, კონკურსანტებს უმაღლესი განათლება და  3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ამ პოზიციაზე დასაქმებულებს 935 ლარს გადაუხდიან.  აღმზრდელებსა და მეთოდისტზე კი ხელფასი  600 ლარია განსაზღვრული. 

როგორც უწყებაში გვეუბნებიან, კონკურსში მონაწილეობა 700 მოქალაქემ გადაწყვიტა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ საკონკურსო კომისია ამ ეტაპზე მუშაობს დოკუმენტაციის შემოწმებაზე. 

"საკონკურსო კომისია საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ისინი ჩვენთან ერთად ახლა ამოწმებენ საბუთებს. 700 განაცხადიდან უნდა გადავარჩიოთ, ვინ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. მუშაობა ხვალ დასრულდება, წინასწარი მონაცემებით კი შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, პირველ ეტაპს 250-მდე კონკურსანტი გადალახავს," - ამბობს უწყების ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება მოთხოვნებს, ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ უპირველესად აღმზრდელების განათლებასა და გამოცდილებას აქცევენ ყურადღებას. მის პიროვნულ და პედაგოგიურ უნარებს.  

ვაკანტური ადგილების დიდი ნაწილი, ურეხის #33 საჯარო ბაღშია. "თქვენ იცით, რომ #27 ბაღში, სარემონტო სამუშაოები გამო, მთლიანი კოლექტივი ურეხის #33 იყო გდაყვანილი. ახლა იქ რემონტი სრულდება და უკან დაბრუნდებიან თანამშრომლები, ურეხში კი ავიყვანთ აღმზრდელებს" - გვითხრა მამუკა შამილიშვილმა

პირველ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, წინ გასაუბრება ელოდებათ. კონკურსი 1-2 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში