"ფაქტების გამოქვეყნებით მაშანტაჟებს" - აჭარის მაუწყებლის დირექტორი ნათია ზოიძეს სთხოვს საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოშორდეს

30 ნოემბერი 2019, 15:34 4236 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, გუშინ, 29 ნოემბერს, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებს პირველი სამუშაო კვირის ბოლო დღეს შეხვდა. 

საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, ნათია შავაძე შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტების თანდასწრებით, მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს საინფორმაციო პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვდა და ფაქტების გამოქვეყნებით დაემუქრებოდა. 

"30 ჟურნალისტის თანდასწრებით რომ გაბედავ და დაემუქრები, დააშანტაჟებ ნათია ზოიძეს! სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობაზე ხელი აიღე თორემო! (თავად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ეძახის). დირექტორზე მეტი უფლება როგორ უნდა გქონდესო! მერე კითხულობს, რა შიშები გაქვთო" - წერს ნათია შავაძე.   

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ფაქტების გასაჯაროების მუქარის ადასტურებს ნათია ზოიძე.

 

 აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნათია ზოიძემ უთხრა, რომ ახალი დირექტორი მას ადანაშაულებს იმ საქმიანობაში, რაც მას კონტრაქტით აქვს გათვალისწინებული: 

"ჟურნალისტის თანდასწრებით მითხრა, რომ უნდა ჩამოვშორდე სარედაქციო პოლიტიკას, ეს მანამდეც მითხრა პირად შეხვედრაზე. "ხომ გითხარით ნათია, რომ უნდა ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკას და გადმოხვიდეთ ჩემთან რადიოშიო?" მითხრა დირექტორმა, მეც ვუპასუხე იქვე, რომ "ხომ გითხარით ბატონო გიორგი, რომ მე კომპრომისებზე წასვლა არ შემიძლია... ამის შემდეგ გვითხრა ყველას, რომ აქვს რაღაც ფაქტები და გაასაჯაროებს. რა უნდა გაასაჯაროვოს გაუგებარია, მეუბნებიან რომ სარედაქციო საქმიანობაში ვერევი, მაშინ როცა ჩემს ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ ჩემს მოვალეობაში შედის სამ პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა. ამ არგუმენტის შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს ხელშეკრულება მაუწყებლის დებულებასთან არის შეუსაბამო," - ამბობს ნათია ზოიძე. 

მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე პრეტენზიები ახლა გაჩნდა. "ჯერ კიდევ დირექტორის არჩევნების დროს, გასაუბრებაზე გამოთქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მაშინ წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა პრეტენზია, რომ ვერეოდი სარედაქციო საქმიანობაში და ხელშეკრულება არ იყო კანონთან შესაბამისობაში. მე ეს არასდროს დამიმალავს, რადგან ხელშეკრულებაში სწორედ ეს მეწერა... რაც შეეხება შეუსაბამობას, სოსო სტურუას დირექტორობის პერიოდში,  ცოტნე ანანიძე იყო ამავე თანამდებობაზე და მას გადაცემაც კი მიჰყავდა, საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი იყო, თუმცა კითხვები არ არსებობდა... გასაგებია, საითაც მიჰყავთ ყველაფერი, რაც მანამდე არაერთხელ ვთქვი, მათ სურთ საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა". 

 

კონტრაქტის შესაბამისობის გარდა, დირექტორის მოადგილის თქმით, კიდევ ორი ბრალდება აქვს მასთან დირექტორს. ერთი არქივის საკითხს ეხება.

"გოგა კოხრეიძემ პირად საუბარში მითხრა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მაქვს, როცა ვკითხე რას გულისხმობდა, დაიწყო იმაზე საუბარი, რომ სისიხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, როცა მაშინდელი მრჩეველთა საბჭოს წევრს, ბეჟან გობაძეს, რომელსაც 2004 წლიდან მოყოლებული ლევან ვარშალომიძის გამოსვლების არქივის გამოთხოვა სურდა წერილობით მოემართა.  საჯარო ინფორმაციის გატანაზეა საუბარი, რადგან დიდი და შრომატევადი მასალა იყო, მან 24 სექტემბერს დაწერა განცხადება და გაატარა კიდეც კანცელარიაში, მე დავაწერე არქივს შესასრულებლად. ამაში მდებს ბრალს, თუმცა საჯარო ინფორმაციის წაღებაზე, რომელიც კანონით არის განსაზღვრული, არც კი მომიწერია ხელი, რადგან მასალების ძიებას დრო სჭირდება. მეორე ბრალდება კი შაბათ-კვირას დირექტორის დანიშვნაზე გაკეთებულ გადაცემას ეხება, სადაც დაგეგმარებას მეც ვესწრებოდი. ვთქვი, რომ საინტერესო იქნებოდა უმაღლესი დეპუტატების პოზიცია, ესენი მიმტკიცებენ ახლა, რომ მხოლოდ ოპოზიციის ჩაწერა ვითხოვდი. ჯერ ერთი, თუ არ მითვალთვალებენ საიდან იციან 8 კაციან ჯგუფში რა ვთქვი, ამასთან იქ 8 ადამიანი იყო დაადასტურებენ რა ვთქვი. მეორეც, ეთერშიც იყო - ყველა პოლიტიკური პარტია გვყავდა," - ამბობს ნათია ზოიძე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მას არვინ დაუშანტაჟებია. ფიქრობს, რომ ნათია ზოიძის ხელშეკრულება უკანონოა და მას სთხოვს აღარ ჩაერიოს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში. 

"პოლიტიკურ მიკუთვნებასთან დაკავშირებით მე არ მითქვამს არაფერი, მე ვთქვი რომ ნათია ზოიძე ერევა საინფორმაციო საქმიანობაში ეს კი უკანონოა. თავად დაადასტურა, რომ ერევა, მას ამის უფლება არ აქვს. რაც შეეხება ფაქტებს, მე ვთქვი, რომ ჩარევის ფაქტები აქ (მაუწყებელში) არის, თუმცა ეს არ არის საჯარო და გასაჯაროება მოხდება, რომ ნახოს საზოგადოებამ საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები," - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ამბობს, რომ ნათია ზოიძე არანაირი ტიპის თანამშრომლობაზე არ მიდის: "საინფორმაციო სამსახური, როგორ გააშუქებს ამა თუ იმ მოვლენას, ამაში არ ვერევი. მე ნათია ზოიძეს ვუთხარი, რომ ქალბატონო ნათია, ერთი კვირის განმავლობაში, გადმოდით ჩემთან. მე არ ვეკარები მაქაურობას, ამიტომ მოდით თქვენ, დამეხმარეთ, მომეხმარეთ პროცესებში. მივიღე პასუხები, რომ "მე არ შემიძლია, წნევა მაქვს, ცუდად გავხდები, არ შემიძლია იქ უნდა ვიყოო". კი ბატონო, საჯაროდ ვუთხარი, რომ მაშინ მე გადმოვალ თქვენთან და იქ დავჯდეთ, თუ ტელევიზიის შენობის გარეშე არ შეგიძლიათქო.  არაო, არაო ყვირის... და ლოგიკური დასკვნა გამოიტანოს საზოგადოებამ. საერთოდ არც მოგვეკაროო, წადიო იძახის, იქ ჟურნალისტებს გაეცინათ. მე, არჩეული დირექტორი უნდა წავიდე ნათია ზოიძის ხუშტურის გამო? არ მომეკარო, არც იქ და არც აქო. წავიდე?... მე ვამბობ, შეწყვიტოს ჩარევა საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში, რაც უკანონოა, დავაკვირდეთ დინამიკას. თუ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე, ესეგი ასე მუშაობს საინფორმაციო სამსახური, მე ამაში არ ვაპირებ ჩარევას" - ამბობს გიორგი კოხრეიძე. 

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც არქივს ეხება, გიორგი კოხრეიძე თქმით, არქივი ორჯერ გატანილია რისი უფლებაც არ ქონდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

 "ორჯერ წაიღო ეს არქივი ბეჟან გობაძემ, გუშინ კი მოვიდა მესამე ნაწილის წასაღებად და ფული უნდა გადავიხადოო იძახოდა საჯაროდ. გჯერათ ახლა მისი?" - ამბობს გიორგი კოხრეიძე. 

დირექტორი ამტკიცებს, რომ ტელევიზიაში რამდენიმე ადამიანი არის მონდომებული იყოს კონფლიქტი: "ეს ადამიანები არიან მონდომებულები, რომ იყოს კონფლიქტი. მე ვამბობ, რომ ყველაფერს მოვითმენ, ჩემგან არ მიიღებთ პასუხს, დავიწყოთ ნოლიდან, ადამიანებს ეს არ სურთ. კითხვებს სვამენ ისეთს, რომელზეც პასუხი არ არსებობს თავშივე. ითხოვენ პასუხს ისეთ რამეზე, რაც არ არსებობს დღეს ჩემგან. გამაგებინეთ, ამიხსენით ეს წივილ-კივილი რა იყო. რამ მოგცათ ამის საფუძველი? ეს არის ჩვენი პრევენციაა და ეს არის შანტაჟი, ჩემი შანტაჟი. როცა ჟურნალისტი მეუბნება, რომ იმიტომ ვყვირი, რომ დავიცვა თავი, რომ ვითომ სამსახურში რამე პრობლემა არ შექმნასო, ეს არის შანტაჟი".  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში