ექიმები ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ -  პრემიერი მედიკოსებს  შეხვდა 

04 დეკემბერი 2019, 20:15 1207 ნახვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები შეხვდნენ. დახურული შეხვედრის თემა მთავრობის მიერ მიღებული 520-ე დადგენილება იყო, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პაციენტებს სერვისებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწვდიან. ცნობილია, რომ ექიმების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამბობენ, რომ  პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ დაადგინა.

ირწმუნებიან, რომ ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში სამედიცინო სერვისის გაუარესებას გამოიწვევს.  გიორგი გახარიამ კი შეხვედრაზე დამსწრეებს უთხრა, რომ „ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში, უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - მომსახურების ხარისხი. პრემიერის თქმით, გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგრამ ამაზეც შეთანხმდებიან. მას სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დადგენილება არ შეიცვლება,  თუმცა დოკუმენტი ჩასწორდება. ცნობილი ხდება, რომ ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში