მინისტრის კომენტარი წყლის ჭავლის გათბობაზე ცინიკური და მიუღებელია - EMC

06 დეკემბერი 2019, 15:38 1306 ნახვა

EMC ქვეყანაში მიმდინარე აქციებს და კონტრაქციებს ეხმიანება. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ძალადობის პრევენციისთვის ეფექტიანი ზომები მიიღოს, ასევე უზრუნველყოს დემონსტრანტების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და მათი უსაფრთხოება. 

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რა დროსაც აგრეთვე შეინიშნებოდა კონტრდემონსტრანტების შეკრება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებისკენ მიმართულ პროტესტს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ პროცესებში, პერიოდულად შეინიშნებოდა ვითარების დაძაბვა და კონტდემონსტრანტების მხრიდან აგრესიული და ძალადობრივი ქცევა. 

ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და მათი რიტორიკა დაიწუნა. 

''კიდევ უფრო პრობლემური ამ ვითარებაში სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობის და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაა. შინაგან საქმეთა მინისტრი 3 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ დემონსტრანტები თავად უწევდნენ პროვოცირებას მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებს. მინისტრი აგრეთვე გამოეხმაურა ნოემბრის თვეში პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და სრულიად ცინიკური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მინისტრის მსგავსი რიტორიკა ცალსახად არ ემსახურება შექმნილი კონფლიქტური ვითარების დეესკალაციას და პოლიციის პოლიტიზირების მაღალ რისკებს აჩენს'', - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი უწყებები არ უნდა მოქმედებდნენ პოლიტიკური მიზანშეწონილობით და პოლიციის ქცევა არ უნდა ტოვებდეს პოლიტიზირების განცდას.

''ბოლო დღეების პროტესტი და თანმდევი მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს სოციალური და პოლიტიკური კრიზისების პოლიტიკური ფორმატით მოგვარების სტრატეგია და სამოქალაქო პროტესტზე რეაგირების მშვიდობიანი მეთოდი. მეტიც, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქციების საპასუხოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ორგანიზებული ძალადორბივი კონტრაქციები და მათ შეწყნარებაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებები მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ამ ორგანიზებული ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებზე მიუთითებს.

პოლიტიკური პოლარიზების სოციალურ გარემოში გავრცელება და სხვადასხვა ჯგუფების ჩართვა ამ პროცესში სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას არღვევს, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის ნორმალიზება და ამ პროცესში სამოქალაქო ჯგუფების ჩართვა პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მიუღებელი ფორმაა და ის არსებითად მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიული პოლიტიკის პრინციპებთან'' - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში