სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა

10 დეკემბერი 2019, 12:10 1796 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენმა პრესკონფერენცია გამართა. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა პრობლემურ საკითხებზე მათ შორის პატიმრების შეწყალების, შრომითი უფლებების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესსა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში ვერ შეძლო.

სახალხო დამცველი წლის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე.

„ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი.

 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში