ყველამ, ყველა უწყებამ ხელი უნდა შეუწყოს პროექტების განხორციელებას - თორნიკე რიჟვაძე მიწების ჩამორთმევაზე

11 დეკემბერი 2019, 17:55 2093 ნახვა

"ვეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ, ყველა უწყებამ ხელი უნდა შეუწყოს პროექტების განხორციელებას"- ეს განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ მარადიდში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა ამ პროცესში მედიატორის როლს შეასრულებს.

"მე არაერთხელ ვარ ნამყოფი იქ, ვინაიდან  ეს ენერგეტიკული პროექტია და პირადად ვიყავი ჩართული. იყო ძალიან ბევრი მცდელობა, რომ მოქალაქეებთან მომხდარიყო შეთანხმება. პრაქტიკულად თანამშრომლობდა, როგორც მშენებელი, ასევე დეველოპერული კომპანია. სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა. აჭარის მთავრობა რა თქმა უნდა იქნება ჩართული ამ პროცესში. არანაირი პრობლემა არ გვაქს ჩვენ არც პირისპირ შეხვედრაზე, არც ადგილზე გასვლის. ვეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ, ყველა უწყებამ ხელი უნდა შეუწყოს პროექტების განხორციელებას. აჭარაში ჩვენ ყველა მოქალაქის უფლებებს დავიცავთ და ვითამაშებთ მედიატორის როლს"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფელ მარადიდის მკვიდრები  დღეს აჭარის მთავრობასთან შეიკრიბნენ. ოჯახები მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში