დღეს ჩვენც ლუკა ვართ - მოსწავლეებმა ბათუმში აქცია გამართეს

20 დეკემბერი 2019, 19:04 2046 ნახვა

ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ერას მოედანზე დაიწყო და მოზარდებმა მსვლელობით 6 მაისის პარკისკენ გადაინაცვლეს.

''დროა ქუჩაში გასვლის'', ''მე მინდა უკეთესი მომავალი, შენ?'', ''გიღირდა კედელი სიცოცხლის ფასად?'', არა სუიციდს'' - ამ ბანერებით მოსწავლეები ძალადობრივი სისტემა გააპროტესტეს.

''დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გავერთიანებულიყავით ლუკასთვის, სალოსთვის... რატომ უნდა გვეშინოდეს პატარა ბავშვებს სახლიდან გარეთ გამოსვლა, რატომ უნდა ეშინოდეს მშობელს, რომ საღამოს გარეთ გაგვიშვას. მოსწავლეები ვართ და უბრალოდ გართობა გვინდა, არაფერს ვაკეთებთ ცუდს. თამამ შემიძლია ვთქვა, რომ სუიციდის შემდეგი მსხვერპლი მე არ ვიქნები და არც ჩემი სხვა მეგობარი... დღეს მეც ლუკა ვარ,'' - მარი მამადაშვილი.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოსახლეობას, გამოვიდნენ სახლებიდან და შემოუერთდნენ აქციას. როგორც ისინი აცხადებენ, მსვლელობით ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში