ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი დააკავეს - შსს

20 დეკემბერი 2019, 21:18 2040 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს. ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს, 4 პირს კი გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

''ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს'' - განაცხადა ბრიფინგზე ვლადიმერ ბორცვაძემ. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია ქუჩაში დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში