ქოლგებიანი ნაძვის ხე და მერიის განმარტება - როგორი იქნება ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 2020

23 დეკემბერი 2019, 12:50 5260 ნახვა

2019-20 წლის მთავარი ნაძვის ხე, წელს ბათუმის ბულვარში განთავსდება. მორთვა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მისი ნაწილის ქოლგებით მორთვას, საზოგადოების ემოციური პოსტებიც მოჰყვა სოციალურ ქსელში, დიდწილად შეფასებები უარყოფითი.

მოქალაქეებმა ცინიკურად ნაძვის ხის ქოლგები საბრძოლო ფარებს და მკერდსაც მიამსგავსეს. ბევრმა, ქოლგების გამოყენება ბანალურად მიიჩნია.  

ამის გამო, ბათუმის მერიის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა სოციალურ ქსელში განმარტებაც გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვამ ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. გვინდოდა ეს ყველაფერი სასიამოვნო სიურპრიზად დაგვეტოვებინა, თუმცა სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, მინდა წინასწარ გითხრათ რამოდენიმე დეტალი იმის შესახებ, თუ რა დატვირთვა აქვს "ქოლგებს " და როგორი იქნება ჩვენი ნაძვის ხე საახალწლოდ. როგორც იცით ქოლგა და დელფინი ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენენ და ვინაიდან ქალაქის ბულვარი არის სავიზიტო ბარათი - გვინდა ყველას, ვინც საახალწლო დღეებში ეწვევა ბათუმს, ვაჩვენოთ და გავაცნოთ ჩვენი სიმბოლიკა. ეს არის მთლიანი კონცეფციის ნაწილი და მისი შეკვრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც წინასწარი სამუშაოები დასრულდება და ჩვენ ერთად ვიხილავთ ერთიან სურათს. როგორც იცით, ქოლგების მიმაგრება უკვე დაწყებულია, ნაძვის ხის წინ კი შადრევნებთან ჩაიდგმება დელფინები, რომლებიც განათდება და ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის დღესასწაულისა და მხოლოდ ბათუმისთვის დამახასიათებელი უნიკალურობის განწყობას" - წერს სოფო ხალვაში

ბათუმში საახალწლო გარე განათებების მონტაჟი გრძელდება. ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, მანამდე კი ბულვარის საახალწლოდ მოწყობა სრულდება. მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ 36 ქუჩა და 23 შენობის ფასადი მოირთვება. 

გაფორმების, ნაძვის ხის სამონტაჟო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება  428 ათას ლარზე მეტია. 

 

ფოტო: დედამიწის გარშემო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში