მონიტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, ხომ არ შეიცვლება კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა - ქარტია აჭარის მაუწყებელის მონიტორინგს გეგმავს

24 დეკემბერი 2019, 18:15 1727 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მაუწყებელის გადაცემებს მონიტორინგს გაუწევს, "ქარტიის მონიტორები შეაფასებენ აღნიშნულ გადაცემებში რამდენად ხდება ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა, ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებას რომელიმე სუბიექტის მიმართ, ხომ არ აქვს ადგილი არაზუსტი, გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებას, ხომ არ ხდება სხვა ეთიკური პრინციპების დარღვევა. მონიტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, ხომ არ ექნება ადგილი აქამდე არსებული კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას, ხომ არ გახდება არხი განსაკუთრებით ლოიალური, მიკერძოებული ხელისუფლების ანდა სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ" -  წერია ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძის წერილში, რომელმაც აჭრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს და ბორდის თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს გაუგზავნა. 

წერელი სრულად: 

"მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორად ბატონი გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა საჯაროდ დაიწყო საუბარი მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ, მოგვიანებით თანამშრომლებმა საჯარო საპროტესტო აქციაც გამართეს და ღიად ისაუბრეს, რომ ახალი დირექტორისგან მიიღეს კონკრეტული გზავნილები რაც საფრთხეს უქმნის მათ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას. ასევე მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ ბათუმში და გამართეს შეხვედრები, როგორც თქვენთან ასევე ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილთან.

აღნიშნულ შეხვედრებში, მონაწილე მხარეების მიერ დაფიქსირდა, რომ არსებობს გარკვეული ნდობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ. ბატონმა გიორგი კოხრეიძემ გამოთქვა სურვილი ქარტიის მიერ მომხდარიყო საზოგადოებრივ -პოლიტიკური გადაცემების შინაარსის გარკვეული მონიტორინგი და შეფასება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სატელევიზიო პროგრამების მონიტორინგის, დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება აქვს.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, აჭარის მაუწყებლისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დავიწყოთ ტელევიზიის გარკვეული გადაცემების მონიტორინგი. მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან, ქარტიის მონიტორები დააკვირდებიან ტელევიზიის შემდეგ გადაცემებს: საინფორმაციო გამოშვება მთავარი 18 და 20 საათზე; მთავარი აჭარაში; კვირის მთავარი; ჰეშთეგი; სათქმელი. ქარტიის მონიტორები შეაფასებენ აღნიშნულ გადაცემებში რამდენად ხდება ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა, ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებას რომელიმე სუბიექტის მიმართ, ხომ არ აქვს ადგილი არაზუსტი, გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებას, ხომ არ ხდება სხვა ეთიკური პრინციპების დარღვევა.

მონიტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, ხომ არ ექნება ადგილი აქამდე არსებული კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას, ხომ არ გახდება არხი განსაკუთრებით ლოიალური, მიკერძოებული ხელისუფლების ანდა სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით, გაგრძელდება მინიმუმ 3 თვე. მონიტორინგის ერთ თვის თავზე მოხდება პირველადი, შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელსაც წარვუდგენთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და მოვახდენთ შედეგების საჯარო პრეზენტაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში