ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაცია დაიწყო

27 დეკემბერი 2019, 11:37 3059 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივით, ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა მოამზადა.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მომზადების შედეგად გაირკვა, რომ კედლის მხატვრობის დაზიანების ძირითადი მიზეზი იყო ნალექი, რომელიც ტაძრის სახურავიდან ჩამოედინებოდა. მიმდინარე წელს სახურავი შეაკეთეს.

სარესტავრაციო სამუშაოებს ,,ქართუ’’- სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი 300 000 ლარით აფინანსებს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ის 1897-1902 წლებში აიგო ძმები ზუბალაშვილების მიერ, ბათუმში მცხოვრები ევროპელი კათოლიკეთა თხოვნით. საბჭოთა პერიოდში ტაძარი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა , ეკლესიაში განთავსებული იყო არქივი და შემდგომში მაღალი ძაბვის ლაბორატორია.1990 -იანი წლებიდან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას. ამჟამად ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში