საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

04 იანვარი 2020, 12:25 2678 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორე 87 წლის გახდა. ერში, ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა. ჩვილი მშობლებმა მე-3 დღეს, ქართულ ტაძარში მონათლეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. 1960-1963 წლებში, მღვდელმონაზონი ილია, ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობდა. პატრიარქობამდე ჯერ,  ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.

ასევე, მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი და სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი. კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა, პატრიარქს ილია II ეწოდა. მისი მოღვაწეობისას, გაიზარდა სასულიერო პირთა, ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტერთა რაოდენობა. 1990 წელს, მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალია.

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლობა დაიგეგმა. ყოველი მესამე და შემდგომი შვილი პატრიარქის ნათლულია. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ილია II-მ  საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში