აჭარის მაუწყებლის პროდიუსერს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა - საინფორმაციო სამსახური ნათია შავაძემ დატოვა

10 იანვარი 2020, 16:54 4066 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს, რომელიც  ხელშეკრულების საფუძველზე 6 თვის წინ აიყვანეს, კონტრაქტი არ გაუგრძელდა.   ხელშეკრულების ამოწურვის შესახებ ინფორმაცია, ნათია შავაძეს 31 დეკემბერს  აცნობეს, ბრძანება კი დღეს ფოსტით ჩაბარდა.

ახალი ამბების პროდიუსერს, ნათია შავაძეს,  6 თვიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რადგან მაუწყებლის დირექტორის 2017 წლის ბრძანების თანახმად, თანამშრომელთა აყვანის წესი მოქმედებს. ამ წესის თანახმად, დირექტორის თანაშემწეების გარდა, ყველა თანამდებობაზე ან კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან პირი  სტაჟირების შედეგად დაინიშნოს. სხვა ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება,  კონკრეტულ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით არის შესაძლებელი. 

სწორედ ამ წესის შესახებ აქვს მითითებული მაუწყებლის დირექტორს ბრძანებაში. ბრძანებას თან ახლავს დანართი, სადაც აღნიშნულია, რომ ნათია შავაძესთან ინდივიდუალური ხელშეკრულება 28 ივნისს დაიდო. ოფიციალურად სამსახური 1 ივლისიდან დაიწყო, დასრულების ვადა კი  2020 წლის 1 იანვრით განისაზღვრა. 

''ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურში ნ. შავაძის მიერ დაკავებულ პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ვბრძანებ, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 1 იანვრიდან ნათია შავაძესთან შეწყდეს შრომის სამართლებრივი ხელშეკრულება'’ - წერია გიორგი კოხრეიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

ნათია შავაძე ამბობს, რომ დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრების არანაირი ბერკეტი არ აქვს. ფიქრობს, რომ ხელშეკრულების არ გაგრძელების ან სხვა პოზიციის არ შეთავაზების მიზეზი მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც იგი აქტიურად აპროტესტებდა. მათ შორის ნათია ზოიძის ხელშეკრულების შეცვლას

''როგორც საბოლოოდ დავინახეთ, დირექტორის მიერ ნათიას წინააღმდეგ წამოწყებულ “შიდა მოკვლევას” ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვა და მასზე მორალური ტერორის განხორციელება. ნათიას კონტრაქტის შეცვლა იყო საგანგაშო სიგნალი. სიგნალი, რომ ეს ადამიანი მუქარიდან საქმეზე გადავიდა, ანუ არასასურველი ადამიანებისგან წმენდა დაიწყო. ძალიან ვდარდობ, რომ ჩვენი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა და ვერ მოვახერხეთ იმ ხელშეკრულების დაცვა. 

ბრძანებაში რომელიც გამომიგზავნეს, წერია, რომ მნიშვნელოვან ფუნქციას ვასრულებდი, მაგრამ მაინც არ გამიგრძელებდნენ ხელშეკრულებას. ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე ცხადია და არაფერი არ ყოფილა შემთხვევით. ასევე, მგონია პროცესი ამით არ დასრულდება და დაანონსებული რეორგანიზაციაც არასასურველი ადამიანებისგან ტელევიზიის გათავისუფლებას ემსახურება. 31 დეკემბერს დამირეკეს და კონტრაქტის დასრულების შესახებ მაცნობეს.  ადმინისტრაციიდან არ უთქვამთ, კონტრაქტი ამოიწურა და თანამშრომლობის სხვა ვარიანტები შეიძლება განვიხილოთო" - ამბობს ნათია შავაძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე კი ამბობს, რომ სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების წესი არ ააძლევს.

"მე მქონდა მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ვესაუბრეთ გულღიად, ჩვენდა სამწუხაროდ, წინა ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული თანამშრომლის აყვანის წესის მიხედვით, არ გავქვს უფლება, 6 თვის შემდეგ, უკონკურსოდ აყვანილი თანამშრომელი გადავნიშნოთ სხვა პოზიციაზე. მქონდა საუბარი, რომ კარგ კადრებს, ადაიანებს რომლებიც გვჭირდება არ დავკარგავთ. იმის მიხედვით გვექნება მასთან ურთიერთობა, როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა დირქეტორმა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებებია მოსალოდნელი და ამის შესახებ, საჯაროდ, რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება და გამართეს აქცია. გიორგი კორხეიძე სარედაქციო პოლიტიკის შეცვალის მცდელობასა და მუქარაში რამდენჯერმე დაადანაშაულა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. 

აჭარის მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე კი აცხადებს, რომ არავის გაშვებას არ აპირებს სამსახურიდან, ჟურნალისტების შიშები არ ეფუძნება ფაქტებს და არარელევანტურია. დაანონსებული რეორგანიზაცია კი, მხოლოდ მაუწყებლის მენჯმენტის ეფექტური და გამართული მუშაობისთვის ესაჭიროება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში