10 თვეში სამუშაო ადგილზე 36 ადამიანი დაიღუპა

15 იანვარი 2020, 13:09 1473 ნახვა

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩმა" ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში საუბარია საქართველოში შრომითი უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.

საანგარიშო დოკუმენტის თანახმად, რომელიც პროფკავშირების მონაცემებს ეყრდნობა 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე სამუშაოს შესრულების დროს 36 ადამიანი დაიღუპა და 107 დაშავდა.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე.

"არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას. მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევების და დაშავების ალბათობას. მაისში ამ მაღაროების 2,500-მდე მეშახტე 12 დღის განმავლობაში იყო გაფიცული და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვდა"- წერია "ჰუმან რაითს ვოჩის" ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასვენებას და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. თუმცა ამ ანგარიშის მომზადებისას ცვლილებათა ეს პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო პარლამენტში ინიცირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში