სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სკოლამდე უფასო მგზავრობით ვეღარ სარგებლობენ - ტენდერი მეორედ ჩავარდა

18 იანვარი 2020, 14:02 2371 ნახვა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კვლავ არ შედგა.

პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ერთი წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის №13 და №17 საჯარო სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 14 მოსწავლე, სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე უნდა მიეყვანა.

პროგრამა 25 დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები კი უფასო ტრანსპორტირებით ვეღარ სარგებლობენ. ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე არც ის იციან, როდის და რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა. უწყებაში ამბობენ, რომ ტენდერი მერიამ ორჯერ გამოაცხადა, თუმცა პრეტენდენტის არარსებობის გამო ვერ შედგა. აქ იმასაც გვეუბნებიან, რომ ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებსაც დაუკავშირდნენ, პირობები გააცნეს, თუმცა მათ არც ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში მიიღეს მონაწილეობა.

"ვფიქრობ, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზეა საუბარი კომპანიები ტენდერში მონაწილეობაზე სწორედ ამიტომ იკავებენ თავს. ეს მომსახურება მათთვის მეტად საპასუხისმგებლოა, სავარაუდოდ, მათ ეს რისკები არ უღირთ. ტენდერი ნორმალურ საბაზრო ფასებში დაიდო, ეს იყო გონივრული თანხა, რაც მერიამ გააკეთა. სულ ბავშვების ტრანსპორტირებაზე ბათუმში 5 კომპანია მუშაობს, ჩვენ მათ დავუკავშირდით, გავაცანით პირობები, თუმცა უშედეგოდ", - აცხადებენ მერიაში.

აჭარის მაუწყებლის კითხვაზე თუ რას გეგმავს მუნიციპალიტეტი პროგრამის გასაგრძელებლად ან როდის განახლდება იგი? მერიაში ამბობენ, რომ ისინი გამოსავალს ეძებენ. მათივე თქმით, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბავშვებისთვის ტრანსპორტირება ორშაბათს მაინც შეეთავაზებინათ, მაგრამ  უშედეგოდ. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ მშობლებსაც და დირექტორებსაც მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტენდერი არ შედგა.

"ბათუმში არსებული საბაზრო მონაცემი ისეთია, რომ ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს ან გააგრძელებს. ჩვენ ყველა კანონით არსებული რესურსი ფაქტიურად ამოწურული გვაქვს და არ ვიცი მეტი რა რესურსი უნდა არსებობდეს. რაც გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი გავაკეთეთ, შეიძლება ტენდერი მესამედაც გამოვაცხადოთ, თუმცა მომწოდებლებისგანაც უნდა მოდიოდეს დაინტერესება, რომ იგივე შედეგით არ დადგეს. ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ვიპოვოთ. მომსახურება შეჩერებულია სანამ კონტრაქტი არ დაიდება"- ამბობს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი  ია შალამბერიძე.

ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ მომსახურებას შპს "სანდო" ახორციელებდა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიის მმართველობაში ცვლილებებია და მან ტრანსპორტიც გაასხვისა, რის გამოც, სავარაუდოდ, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. კომპანია, რომელიც აღნიშნული მომსახურების გაწევაზე თანხმობას განაცხადება ბათუმის მერია მზად იყო მისთვის 10 994 ლარი გადაეხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში