ქობულეთში მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია

20 იანვარი 2020, 17:02 3200 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველი ქუჩაზე, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. ყრია  პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, ავტომობილის ზეთის ცარიელი კასრები, ასევე პირადი მოხმარების ნივთები და დაზიანებული სამშენებლო მასალები. ტერიტორიაზე ყოველდღიურად დადიან მოსწავლეები და მოქალაქეები. 

დანაგვიანებულია ქუჩის მოპირდაპირე ტერიტორიაც, სადაც ავტოსამრეცხაოებია გახსნილი.  ობიექტების მიმდებარედ ქუჩა და ტროტუარი დატბორილია. მოქალაქეებს გადასაადგილებლად გზის გადაკვეთაც უწევთ. 

''ავტოსამრეცხაოები ყოველდღიურად უამრავ ავტომობილს ემსახურებიან. მანქანებს სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით რეცხავენ. მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხებისა და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, კი წყალი ქუჩაზე იღვრება და ტერიტორია იტბორება'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მოქალაქემ. 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ქობულეთის მერია არ ზრუნავს.

ქობულეთის ''სანდასუფთავების'' სამსახურში გვითხრეს, რომ ორივე ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამიტომ დასუფთავება მათ ვალდებულებაში არ შედის.  

აჭარის მაუწყებლის შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, სანდასუფთავების სამსახურის ბრიგადები გამოჩდნენ და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მონაკვეთების დასუფთავების ვალდებულება არ აქვთ და ეს ''კეთილი ნებაა''. 

''მეორე საჯარო სკოლის გვერდით ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მესაკუთრე არაერთხელ გავაფრთხილეთ, სარემონტო სამუშაოები ჰქონდა და თქვა, რომ დასრულების შემდეგ დაალაგებდა, გაფრთხილების მიუხედავად კეთილი ნება გამოვიჩინეთ და დღეს თქვენი შეტყობინების საფუძველზე მობილური ჯგუფი ადგილზე მივიდა, დაასუფთავა.

მოპირდაპირედ სამრეცხაოების ტერიტორიაც, მე როგორც ვიცი ასევე კერძო საკუთრებააა, იქაც ხშირად ვაფრთხილებთ მეპატრონეებს ნუ იქნება ანტისანიტარია, თუმცა 10 დღეში ერთხელ ვასუფთავებთ ამ ტერიტორიასაც''- გვითხრა სანდასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მჟავანაძემ. 

სამრეცხაოებში დასაქმებულები კი ირწმუნებიან, რომ ტერიტორიას თავად არ ანაგვიანებენ და ვინმე თუ მოაწესრიგებს კარგია. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში