თქვენი პიროვნება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის - ლომჯარია წულუკიანს

21 იანვარი 2020, 13:11 1768 ნახვა

"მე არ გამოვიყენებ იმ ტერმინებს, რომელსაც ქალბატონი თეა იყენებს, მაგალითად სიტყვა ტყუილს და არაპროფესიონალიზმს. ვიტყოდი, რომ მისი განცხადებები იყო უტრირებული და არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი ანგარიშიდან"-ასე უპასუხა სახალხო დამცველმა მინისტრის ბრალდებებს.

სახალხო დამცველის განმარტებით, იგი აუცილებლათ გამოითხოვს ინფორმაციას თუ რის საფუძველზე და რამდენად კანონიერად მოხდა ნაჩვენები კადრების გასაჯაროება და შენახვა.

"პირველ რიგში მინდა შევეხო კადრებს, რომელიც უჩვენებს. პირველი კადრი იყო ზაფხულის, რადგან ეს პირი მას შემდეგ ჩვენთან არ მუშაობს, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა სხვა რამეა. რის საფუძველზე მოხდა, ამ ინფორმაციის დაარქივება და შენახვა, იმიტომ რომ როცა ჩვენ გვჭირდება ვიდეო მასალები არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებზე, როგორც წესი აღმოჩნდება რომ არ არის შენახული ან არის წაშლილი. თურმე ინახავს სამინისტრო, კარგია გვეცოდინება ქალბატონო თეა. სახალხო დამცველი გამოითხოვს რის საფუძველზეა ეს ინფორმაციები დაარქივებული და რამდენად კანონიერი იყო მისი გასაჯაროება და შენახვა"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, თეა წულუკიანმა ანგარიში პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში გადაიტანა, რაც ძალიან სამწუხაროა.

"ჩემი განწყობა ნამდვილად არ იყო, რაღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შემოვსულიყავი და არც ვაპირებ ამას, სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში..

ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, მე, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას თქვენ იქნებით თუ სხვა იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს. ანგარიშის გამოქვეყნება დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. მეტიც, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რაც თქვენ გააკეთეთ შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ უნდა მიგეღოთ თქვენზე პირადად აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ მნიშვნელოვან ანგარიშზე საუბარი და ყურადღება გადაგეტანათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა აღნიშნული განცხადებით იუსიტიციის მინისტრს უპასუხა, რომელმაც  სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ  ნინო ლომჯარია მას პიროვნულად ერჩის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში