"საქართველოს ხელისუფლება უპირისპირდება ამერიკულ ინვესტიციებს" - კონგრესმენი პიტ ოლსონი

24 იანვარი 2020, 23:58 2208 ნახვა

კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, "წარმომადგენელთა პალატის“ რესპუბლიკელი წევრი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს. პიტ ოლსონმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს.

მან გააზიარა აშშ-ს კონგრესმენების წერილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 16 დეკემბრს გამოუგზავნეს და დაწერა - "ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, იყენებს სასტიკ მეთოდებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და უპირისპირდება ამერიკული ინვესტიციებს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის კარგის მომტანია. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!", — წერს კონგრესმენი.

ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მთავრობას წერილობით 16 დეკემბერს მიმართა, სადაც გიორგი გახარიას წერდნენ, რომ დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმების უკან წაღების გადაწყვეტილებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

“ჩვენ ასევე აღელვებული ვართ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო”, – წერდნენ წერილში კონგრესმენები.

მმართველი გუნდის წევრებმა კონგრესმენების კრიტიკა მიკერძოებულობას დააბრალეს და განაცხადეს, რომ ისინი  მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ეყრდნობიან.

2 "დემოკრატი" და 2 "რესპუბლიკელი" კონგრესმენის კრიტიკული წერილი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს და ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია - ფიქრობდნენ ოპოზიციასა და მესამე სექტორში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში