''კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა'' - მა სიაოვეიმ

26 იანვარი 2020, 15:15 1807 ნახვა

კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამის შესახებ გამართულ პრესკონფერეციაზე ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმ განაცხადა. ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკს წარმოადგენს ვირუსის მუტაცია. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კანადაში.

პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ახალი ტიპის ვირუსით ჩინეთში, უკვე 56 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ამასთან, ქალაქში გამოცხადებული ჯანდაცვის „სერიოზული“ მდგომარეობა „საგანგებოთი“ შეცვალეს. სხვადასხვა ქვეყანაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.აღსანიშნავია, რომ აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩარტერული ავიარეისების საშუალებით საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია სურთ რუსეთს, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოსაც.დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში