მაშველებმა ფოთში დაკარგული ბიჭის ცხედარი პალიასტომის ტბაში იპოვეს

27 იანვარი 2020, 13:31 1675 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

''მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც. სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.'',- წერია საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყებაში ამბობენ, პალიასტომის ტბაზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

ფოთში 24 წლის ბიჭს 4 იანვრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115 მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში