ლევან იზორია ამბობს, რომ ე.წ. ნარუშილოვკაზე ​კადრების გავრცელების შემდეგ გაიგო

28 იანვარი 2020, 10:06 1794 ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის ე.წ. ნარუშილოვკის საბუთზე ინფორმაცია კადრების გავრცელების შემდეგ გაიგო. ამის შესახებ მან პოსტივის ეთერში ისაუბრა.  მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, მისი ძმისთვის, ვახტანგ იზორიასთვის ე.წ. ნარუშილოვკა ანუ ოპერატიული საშვი მას არ გადაუცია. 

“ამის კადრები გავრცელდა, თუმცა იქ ამის ამოკითხვა, ეს ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეუძლია. მე პირდად მწვავე რეაგირება მქონდა, რადგან ეს მე სწორედ ამ კადრების შემდეგ გავიგე. ის პიროვნება, ვინც გადასცა და ვინც ორგანოში მუშაობდა, გამოვლინდა და დაისაჯა. მე პირადად ვიყავი დაინტერესებული, ჩემი ძმაც დაიკითხა და  გულწრფელად აღიარა, ვისგან ჰქონდა ეს საბუთი. ეს არის არასწორი ქმედება", - აცხადებს ლევან იზორია. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელის საქმიანობას დიდ პატივს სცემს. 

''არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. არ მქონია შემხებლობა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სისტემის ფარგლებში ეს ადამიანი დაწინაურდა, მას ჰქონდა ყველანაირი პირობა თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის. ზეწოლა, ჩარევა, დასჯა ან მუქარა, თუგინდ უკმაყოფილების გამოხატულება გამორიცხული და ყოვლად მიუღებელია. მეტიც შეიძლება ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტულ ინციდენტში პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში, ანუ რამდენად სამართლებრივად მოხდა დაკავება, რა იყო დაკავების საფუძველი, თუმცა მე არ ვიქნები დღეს იმ როლში, რომ ერთი მხარე გავამართლო. ამას დაინტერესების შემთხვევაში ყველა გაიგებს, რომ ეს იყო სრულიად უსაფუძვლო. ხელბორკილებს ადებენ ადამიანს, როცა აკავებენ, როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავ. ჩამითრიეთ გამართლების რეჟიმში, მაგრამ როცა ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით, მოგიწოდებს კორექტულობისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, აძლევ ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო”, – განაცხადა იზორიამ.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”  23 იანვარს, გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი მოქალაქეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ყვება, რომ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა აღმოჩნდა, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

ინციდენტის დროს, ანუ 2014 წელს, ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში