ვერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად - აჭარის მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირი შეიქმნა

28 იანვარი 2020, 17:29 3536 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირები შეიქმნა, რომელიც 65 თანამშრომელმა დააფუძნა. პროფესიული გაერთიანების სახელით პირველი განცხადება გაკეთდა, სადაც თანამშრომლებმა ალტერნატიული დაცვის საჭიროებებზე გააკეთეს აქცენტი:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები.

ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და მეორე მხრივ - თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები ხშირად რჩებოდა ყურადღების მიღმა და იმის გამო, რომ თანამშრომელთა მოსმენა არ უნდა იყოს რომელიმე დირექტორის ან მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილი კეთილი ნება, გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით.

ერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს უფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის აქ მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითგადარჩნის რეჟიმში მუშაობის გამო, ხშირად ყურადღებას არ ვუთმობდით სხვა საკითხებს, რადგან ფოკუსირებული ვიყავით იმ მთავარ ღირებულების ირვგლივ, რასაც მაუწყებელი ემსახურება. გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე,კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.

ჩვენ ვართ და ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, ვისი შრომითი უფლებები ირღვევა ამ ქვეყანაში. საერთო ბრძოლაში უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ და ვიქნებით თითოეული მოქალაქის მოკავშირე და თანამემბრძოლი"

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში