259 გარდაცვლილი -11 ათასზე მეტი ინფიცირებული

01 თებერვალი 2020, 15:05 1608 ნახვა

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით ამ დროისთვის კორონავირუსისგან 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული და ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ამის ფონზე, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კი დაღუპულთა რაოდენობა 259-ია. კორონავირუსის პირველი შემთხვევები ესპანეთსა და შვედეთში დადასტურდა.

აშშ-სა და იტალიაში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, იტალიამ ჩინეთთან ფრენებიც აკრძალა. უხანიდან კალიფორნიაში 195 ამერიკელი უკვე ჩაიყვანეს. ისინი კარანტინში იქნებიან. კარანტინის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ჯერ კიდევ ინკუბაციის პერიოდშივე ხდება. ეპიდაფეთქების გამო ჩინეთის მიმართულებით 10 000-მდე ავიარეისი გაუქმდა. სრულდება მხოლოდ ის სპეცრეისები, რომლითაც ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ახალმა კორონა ვირუსმა უკვე 24 ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის რუსეთშიც. ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, რომელშიც ახლა კარანტინია გამოცხადებული. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორები შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია და მხოლოდ ქალაქ უხანში 75 ათასს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში