ბათუმი-ჩაქვის გვირაბი დაზიანებულია

05 თებერვალი 2020, 17:40 2457 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის გვირაბის თავზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო გვირაბი დაზიანდა. წვიმის დროს გვირაბში წყალი ჩადის, თვალით არის შესამჩნევი ნაპრალები და დაზიანებები.

დაზიანებები გზის გაყვანის სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც გვირაბის მიმდებარედ და მის თავზე მიმდინარეობს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 4 მილიონ ლარს გვირაბის მიმდებარედ, მოსაბრუნებელი საავტომობილო გზის მოწყობისთვის ხარჯავს. ტენდერი გზის მშენებლობაზე 2018 წელს გამოცხადდა. 

ამ გზის მეშვეობით, ბათუმიდან მაგისტრალზე მიმავალ ავტომობილს შეეძლება, უკან ქალაქში დაბრუნდეს. ასევე, შესაძლებლობა ეძლევა, მოკლე გზით, გადავიდეს სანაპიროს მხარეს, სადაც სასტუმრო კომპლექსი შენდება. მას მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. "ნაციონალური მოძრაობა" იმაზე აპელირებს, რომ სახელმწიფო სწორედ ამ სასტუმროებამდე მისასვლელი გზის მშენებლობას აფინანსებს.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტში არ წერია იმის შესახებ, რომ ამ გზით მარტივდება ქალაქიდან გამავალი ავტომობილებისთვის სანაპირო მხარეს გადასვლა. სამინისტროს ტენდერის მიხედვით, რაიმე ტიპის კავშირი ამ გზის მშენებლობას, სასტუმრო კომპლექსთან, რომელიც მწვანე კონცხზე, ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არ აქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გვირაბის დაზიანების შესახებ ფლობენ ინფორმაციას და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი შეკეთება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს სამინისტროდან, არის თუ არა გვირაბის დაზიანება სახიფათო, მოხდა თუ არა დაზიანების შესწავლა ადგილზე. რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს, როდის დაიწყება იგი და დაიკეტება თუ არა გვირაბი ამის გამო. ამ კითხვებზე პასუხს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში