ქობულეთში "მწოლიარე პოლიციელებისთვის" 20 000 ლარს გადაიხდიან

05 თებერვალი 2020, 16:58 4566 ნახვა

ქობულეთის მერია ე.წ მწოლიარე პოლიციელებს ყიდულობს. უწყებამ 30 ცალი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად ე.წ მწოლიარე პოლიციელი უნდა იყოს ორ ფერში, ყვითელსა და შავში. ​ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს შუქამრეკები. მიმწოდებელმა საქონლის მოწოდება/მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადების დღიდან 70 დღეში.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ შეძენილი პოლიციელები 30 ადგილას დამონტაჟდება. მათი ნაწილი ძველი საავადმყოფოს უბნის მიმდებარედ თბილისის, კოსტავას, მეგობრობის ქუჩებზე განთავსება. ასევე მწოლიარე  პოლიციელის მონტაჟი დაგეგმილია პირველ საბავშვო ბაღთან, 9 აპრილის ქუჩაზე.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შესყიდვა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყდა. მათივე თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულს, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკამყოფილებს  მზადაა 20 000 ლარი გადაუხადოს.

ქობულეთი იმ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შუქნიშნები არ არის. ადგილობრივების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ქალაქში ისინი არ დამონტაჟებულა.

მოქალაქეებმა “დემოკრატიის ინსტიტუტის” დახმარებით, საკრებულოს პეტიციითაც  მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წელს მოსახლეობამ  პეტიციით მიმართა, ისინი სადგურის და ბაზრის მიმდებარედ შუქნიშნის მოწყობას ითხოვდნენ.  ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც სადგურის ტერიტორიაზე განხორციელდა იქ საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდა და მოძრაობა ზაფხულის პერიოდშიც  შეუფერხებლად ხორციელდება.

რაც შეეხება ბაზრის მიმდებარედ, შუქნიშნის მოწყობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება საკითხის გადაჭრის გზები, რის შესახებაც ინფორმირებულები იქნებიან მოქალაქეები, მათ შორის პეტიციის ავტორები“-განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში