ქობულეთში 5 სულიანი ოჯახის გამოსახლების პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

07 თებერვალი 2020, 11:46 3526 ნახვა

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ცეცხლაძეები 5 სულიანი ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ისინი  ადგილზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, ცოტნე ანანიძის მისვლას ითხოვენ. 

ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ოჯახში ორი მწოლიარე ავადმყოფი იმყოფება. ცეცხლაძეებს, კერძო მევახშის დავალიანება აქვთ, რომელმაც აღსრულების ბიუროს მიმართა.

ოჯახის წევრების განმარტებით მევახშემ ქონება 40 ათას დოლარად შეიძინა აუქციონზე, ახლა კი  150 ათას დოლარს ითხოვს.

საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2015 წელს შევიდა. ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, 5-წლის განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მოლაპარაკების მიზნით, ცეცხლაძეებსა და ახალ მეპატრონეს შორის შეთანხმებაც მოხერხდა, თუმცა ის მალევე ჩაიშალა. გამოსახლების პროცესი, არაერთხელ გადაიდო.

ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე, რომელსაც ამ დრომდე სახლში არ უშვებენ. შენობაში და გარე პერიმეტრზეც მობილიზებულია  სამართალდამცველები და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები. შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა არც აჭარის მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.

 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში