სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალური მონაცემების უკანონო შენახვის ფაქტზე შსს სამართალდამრღვევად ცნო

11 თებერვალი 2020, 14:25 1374 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმდინარე წლის 31 იანვარს ეცნობა.

საია-მ 2019 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ სამინისტრო ინახავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ინფორმაციას არაგონივრული ვადით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა კი დაუშვებელია.

ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ხდება ინფორმაციის შენახვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შემდეგად, დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიღებული გადაწყვეტილებით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილია სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ავტომატური დამუშავების გზით შენახვისა და გამოყენებისთვის. ამასთან, შსს-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

შსს-ს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 6 თვის ვადაში ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრა და შესაბამისი ზომების მიღება, რომლებიც ზემოაღნიშნული კანონიერი მიზნების მიღწევის შემდეგ დაუყონებლივ უზრუნველყოფს აღრიცხული მონაცემების წაშლას, განადგურებას ან შენახვას პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. ასევე დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 4 თვის ვადაში ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხულ მონაცემთა სხვა დაწესებულებებისთვის გადაცემის საფუძვლის სათანადო იდენტიფიცირებას, მონაცემთა გადაცემას მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის არსებობისას და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი იქნება კანონიერი მიზნის მისაღწევად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში