თითქოს, ბიუჯეტის თანხებით, მერს პარიზში მეგობრები ახლდა, სიცრუეს წარმოადგენს - ბათუმის მერი

14 თებერვალი 2020, 10:35 2268 ნახვა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე პარიზში  ვიზიტის შესახებ განმარტებას სოციალური ქსელით აკეთებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფულით მეგობრები პარიზში არ წაუყვანია. 

ამბობს, რომ მისი მივლინება მნიშვნელოვანი იყო, რადგან პარიზში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა უპრეცენდენტოა. ლაშა კომახიძის თქმით,  მედიის ნაწილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მიზანმიმართულ, ცრუ კამპანიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ბათუმის მერის პარიზში ვიზიტის ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ არტ-კაპიტალის გამოფენაზე ქართული დელეგაციის სტუმრობა და ქართველი მხატვრების მონაწილეობა არის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმელი მხატვრების მონაწილეობა არის ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის ძალისხმევის შედეგი. მხატვრების გამოფენაზე წარმოდგენისთვის ხარჯები გაწეული იქნა აჭარის კულტურის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, ბათუმის მერიის მიერ. წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა იყო ბათუმელი და შესაბამისად, არტ-კაპიტალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერი ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ვიზიტი ასევე მოიცავდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების განხილვას. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდა მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს. ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას" - განაცხადა მერმა. 

განმარტებასთან ერთად, მერს არ გაუსაჯაროვებია სამივლინებო ხარჯები. 


მერის განცხადებამდე კი, გუშინ, ბათუმის მერიის შენობასთან მოძრაობა "ალტერნატივამ" კრუასანები მიიტანა და განაცხადა, რომ მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად კრუასანების საჭმელად გაემგზავრა. 

ბათუმის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.  ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.  პრესტიჟულ გამოფენაზე ჩასული სტუმრები ბათუმელი მხატვრების:  აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის  ნამუშევრებს გაეცნობიან. ასევე, ნახავენ ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალზე მონაწილე ხელოვანები ჟიურიმ  გასული წლის  ოქტომბერში შეარჩია.

კულტურულ ღონისძიებაში 650 ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს. არტ კაპიტალი წელს  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება. ქართველ ხელოვანთა დელეგაცია ამ ღონისძიებაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი. სამინისტროს ცნობით, მათი მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი განაცხადია.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში