ლაგოდეხში ძაღლს ცოფი დაუდგინდა - ადგილზე ვეტერინარები მუშაობენ

14 თებერვალი 2020, 13:10 2687 ნახვა

ლაგოდეხში,  სოფელ შრომაში  უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.  ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, მათივე განმარტებით ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ვეტერინარულ ღონისძიებებს, სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ.

2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) დაავადების ამთვისებელი 300 ათასამდე ცხოველი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბათუმში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში