გვიჩნდება ეჭვი, რომ დირექციას სურს შეცვალოს საინფორმაციო სამსახურის მმართველი რგოლი და პოლიტიკა - ალტერნატიული პროფკავშირი

14 თებერვალი 2020, 17:42 2993 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი, რომელშიც 65 თანამშრომელია გაწევრიანებული,  მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

"მაუწყებლის დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც, რაც კონტრაქტის მიხედვით, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. პარალელურად მიმდინარეობს დისციპლინარული წარმოება, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ამ ფაქტების ერთობლიობით, ლეგიტიმურად გვიჩნდება ეჭვი, რომ აჭარის მაუწყებლის დირექციას სურს შეცვალოს საინფორმაციო სამსახურის მმართველი რგოლი და შეცვალოს მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა.

ხელმძღვანელობის პასუხი, რომ ცვლილება მხოლოდ სახელს ეხება და შინაარსობრივად საქმიანობაში არ ერევა, ტოვებს კიდევ უფრო მეტ კითხვას. მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, მოუგვარებელი რჩება მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის არსებითი ხასიათის პრობლემები, დაწყებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო სივრცით და დამთავრებული ტექნიკური აპარატურის განახლების აუცილებლობით.

ამგვარ პირობებში სარედაქციო მიმართულებით  „მუხლჩაუხრელი“ მუშაობა, კონკრეტულ წარმოდგენას გვიქმნის ხელმძღვანელობის პრიორიტეტებზე. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, ძირითადად, ეხება ჩვენს წევრებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ჩვენი კრიტიკული პოზიციები და თვითორგანიზების მცდელობამ გაამძაფრა უკმაყოფილების განცდა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი წევრების მისამართით გაგრძელდება მსგავსი ქმედებები ბუნებრივია ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და მივმართავთ პროკურატურას. ნებისმიერი მცდელობა- დააშინონ თანამშრომლები დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ, არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის"- აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფკავშირებმა განცხადება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში