ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორი აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

18 თებერვალი 2020, 13:40 2225 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაქვის საჯარო სკოლის საქმეს განიხილავს. საუბარია აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან დირექტორის და მასწავლებლების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის საჯარო მოხელის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

 მოსარჩელე მხარეს პროცესზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წარმოადგენს. მოპასუხე აჭარის განათლების სამინისტროა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე მხარეებს მორიგებას სთავაზობდა, ორივე მხარისთვის ეს შეთავაზება მისაღები იყო, თუმცა მხარეების პოზიციების გაცნობის შემდეგ განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით საკითხზე სასურველია სასამართლოს გადაწყვეტილება დადგეს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 89-ე მუხლის შესაბამისად ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. განათლების სამინისტრომ აჭარის მთავრობასაც მიმართა, თუმცა პასუხად მიიღეს რომ ამ ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაყენებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მთავრობას არ გააჩნია.

"იმ შემთხვევაში თუ დისციპლინურ დარღვევას ექნება ადგილი გამოდის საჯარო დაწესებულების ფარგლებში პასუხისმგებლობის დადგომა არ ხდება? სამინისტრო საკუთარ მუშაკს ვერ დასჯის? - საჯარო სამსახურის შესხებ კანონის მიხედვით ასეთი ფაქტები 89-ე მუხლით რეგულირდება, რომელიც აუდიტის სამსახურის ინსპექტორებზე არ ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში მივმართავთ მთავრობას, საიდანაც მივიღეთ პასუხი რომ დისციპლინური წარმოების დაწყების სტრუქტურული ერთეული არ გააჩნიათ. სხვა მოხელეებზე შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს"- განაცხადა  განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ სირიამ.

თამარ სირიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ დავის საგანი არ არის აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევა, სკოლაში ტესტებისთვის ფულის შეგროვების შესახებ აღიარება აქვთ, შესაბამისად მხოლოდ გამოსწორება მიუთითეს. კომისიის შექმნის საჭიროებას კი სამინისტროს იურისტი ვერ ხედავს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 89-ე მუხლის შესაბამისად ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. განათლების სამინისტრომ აჭარის მთავრობასაც მიმართა, თუმცა პასუხად მიიღეს რომ ამ ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაყენებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მთავრობას არ გააჩნია.

მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ მათი მოთხოვნა არა მხოლოდ იურიდიული პასუხისმგებლობის დაყენება, არამედ ისეთი მექანიზმის არსებობაა, სკოლას და მასწავლებლებს  საჯარო მოხელეების მხრიდან მათი უფლებების დარღვევისას დაიცავს.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეზე პირველი სხდომა მიმდინარეობს, მოსამართლე მხარეთა პოზიციებს ისმენს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში