მეოთხე წელია ხელისუფლება ცდილობს კურორტ გოდერძიმდე გზა დააგოს

20 თებერვალი 2020, 13:52 2354 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც ტურისტები თუ ადგილობრივები კურორტ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს უკავშირდებიან.

ადგილობრივების თქმით, ხულოდან კურორტ ბეშუმში მოსახვედრად 36 კილომეტრიანი გზის  გავლა უხდებათ, რასაც 2 საათსა და 30 წუთს ანდომებენ. მიზეზი დაზიანებული გზაა. მძღოლები ამბობენ,  ავარიული გზა  აზიანებს მათ ავტომობილებს, დისკომფორტს უქმნის ტურისტებსა და მოსახლეობას.

ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი  გზის რეკონსტრუქციას ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. მისი ღირებულება 110 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია ,,ტოდინი”,  თანაკონტრაქტორ თურქულ კომპანია ,,ნეტრასთან” ერთად ახორციელებდა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულებით, გზის  სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  კომპანიის მიმართ პრეტენზიები გასულ წელს არაერთხელ დააფიქსირა. მაშინ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზის დასრულება ამ ტემპით გაუჭირდებოდათ.

"სამწუხაროა, და ამავე დროს სიმართლეა, რომ კონტრაქტორს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ერთის მხრივ მოახდინოს კონტრაქტორთან კოორდინაცია და შეთანხმება. მიზანი არის რომ უახლოეს მომავალში გზის რეაბილიტაცია დასრულდეს, მაგრამ არსებული პროგრესით, გაგვიჭირდება. მიზნის მისაღწევად ყველა მექანიზმს გამოვიყენეთ" -განცხადება თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის აგვისტროში გააკეთა.

კომპანიაში,  რომელიც ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა მაშინ აცხადებდნენ, რომ ტერიტორიის გეოდეზური გადაღება და დამოწმება დასრულებული იყო. მათივე თქმით, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დაიწყებოდა.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის კრიტიკის მიზეზი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამუშაოების შეწყვეტის გამო საპროტესტო აქცია ბევრჯერ  გამართეს.

2019 წლის ბოლოს თორნიკე რიჟვაძე ირწმუნებოდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები არ განეხორციელებინათ.

"ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ტურისტების შენიშვნები მიღებულია. მერწმუნეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ კონკრეტული ქმედებები არ გაგვეხორციელებინა ამ პროექტთან მიმართებაში. შევძელით ის, რომ ზაფხულში კონტრაქტორმა დაიწყო მობილიზება. კონტრაქტორს გააჩნია რიგი გამოწვევები, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ ეს პროგრესი იყოს ხელშესახები და დავასრულოთ იმ ვადებში, რაც იყო კონტრაქტით გათვალისწინებული. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ისე ოპერატიულად ვერ წყდება, როგორც ვისურვებდით"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 2019 წლის დეკემბერში.

როგორც აღმოჩნდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  ტექნიკური და ფინანსური პრობლემები ვერ გადაჭრა, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანიასთან  ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე"- აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სამინისტროში ამბობენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინსიტროს განმარტებით, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში