მართებულად არ მიმაჩნია კანდიდატებისთვის რეპორტაჟების ჩვენება და განხილვა - გიორგი კოხრეიძე

22 თებერვალი 2020, 00:10 2851 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მისი მოადგილის შესარჩევ კონკურსზე, კანდიდატებისთვის საინფორმაციო გამოშვებაში გასული რეპორტაჟის ჩვენების ფაქტს ეხმიანება. ამბობს, რომ მისთვის  მიუღებელი იყო კომისიის ეს გადაწყვეტილება და საქმეზე მოკვლევას დაიწყებს.

დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მის მოადგილედ  შერჩეულმა კონკურსანტმა, ვახო ხუზმიაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა გასაუბრებაზე სიუჟეტის განხილვაზე. 

"დირექტორის მოადგილის შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიქმნა თანამშრომელთა სამსახურში აყვანის წესის მიხედვით. ეს დოკუმენტი შემუშავებულია რამდენიმე წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე და წევრები, მათ შორის იურისტი, რომელიც წესის მიხედვით აუცილებლად უნდა იყოს კომისიის წევრი, არაერთხელ ყოფილან კონკურსის წარმართვაში ჩართულნი ბოლო წლების განმავლობაში.

მე, როგორც ახალარჩეული დირექტორი, დავეყრდენი არსებულ დოკუმენტსა და თანამშრომელთა გამოცდილებას. კომისიამ იმუშავა და გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა, გადაწვიტა საკუთარი შეკითხვა კანდიდატებისადმი ჩამოეყალიბებინა ვიდეორეპორტაჟის ჩვენებით. ეს კომისიის წევრის უფლება იყო და ვერავინ შეუზღუდავდა მას ამ უფლებას.

მე, როგორც სატელევიზიო გამოცდილების მქონე პირს, მართებულად არ მიმაჩნია კონკურსის ფარგლებში კანდიდატებისთვის რეპორტაჟის ჩვენება და განხილვა. ხოლო როგორც მაუწყებლის დირექტორი, განსაზღვრულ ვადებში მოვიკვლევ ამ ფაქტის კანონთან შესაბამისობას და დარღვევის დადგენის შემთხვევაში გავატარებ შესაბამის ღონისძიებებს.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომელმაც დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩვენების შეწყვეტა და კატეგორიული უარი განაცხადა განეხილა რეპორტაჟი" - წერია დირექტორის განცხადებაში. 

გიორგი კოხრეიძეს განცხადებაში არ წერია, თუ რას ფიქრობს სხდომის დახურვის შესახებ. ასევე, არ შეუფასებია ჟურნალისტების განცხადება ჟურნალისტი, ნათია ლომაძის შესაძლო საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირმა, დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარი ინცინდენტი,  პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლად მიიჩნია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში