"ვარ ნათია ლომაძისა და ჯენი კვანტალიანის გვერდით, მათი კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში" - გიორგი კოხრეიძე

22 თებერვალი 2020, 18:46 2799 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის ფაქტს ეხმაურება. გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში ნათია ლომაძისა და ჯენი კვანტალიანის გვერდით არის.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გასაუბრების დახურვა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, კონკურსანტებტან რეპორტაჟის განხილვა კი მიუღებელია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტს და განვაცხადო, რომ ვარ ნათია ლომაძისა და ჯენი კვანტალიანის გვერდით, მათი კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათი უფლებები დაცული იყოს არა მარტო ჩვენს ორგანიზაციაში, არამედ ყველგან, ყველა დაწესებულებაში, სადაც ჩვენი ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას განახორციელებენ.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საკონკურსო კომისია შეიქმნა მაუწყებელში არსებული, იმ წესის დაცვით, რომელიც ჩემს დირექტორად არჩევამდე მოქმედებდა და კომისიის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც საკონკურსო კომისიაში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდათ ასევე ჩემს დირექტორად არჩევამდე. კომისია მუშაობდა სრულიად დამოუკიდებლად. გასაუბრებაზე რეპორტაჟის ჩვენებისა და განხილვის ფაქტი, ასევე სხდომის დახურვა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ჩემთვის ცნობილი, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა სატელევიზიო ინფორმაციის საშუალებით. კომისიის წევრებს, ჩემთან რომ გაევლოთ კონსულტაცია, მკაფიოდ დავაფიქსირებდი საკუთარ პოზიციას: მიუღებლად და უსაფუძვლოდ მიმაჩნია რეპორტაჟის განხილვა კონკურსანტებთან და ასევე არ მიმაჩნია სწორად გასაუბრების დახურვა დასწრების მსურველთათვის, ვინაიდან პროცესის გამჭირვალობა საუკეთესო საშუალებაა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი ინსინუაცია და საზოგადოებამ მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

მომხდარი სამწუხარო ფაქტი წააგავს დღემდე მომხდარ სხვა ფაქტებს, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად წარიმართა, ხოლო შედეგებმა კი ჩემზე იმოქმედა. მაგალითად, ადგილი ჰქონდა სავარაუდო პროვოკაციას, რომლის გამოც დღემდე ვერ განხორციელდა შენობის ადაპტირება. ამას აქვს ჩემი, როგორც შშმ პირის დისკრიმინაციის ელფერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ ვადებში, ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ, წარიმართება მოკვლევა და მის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი პირადად ნათია ლომაძე და ჯენი კვანტალიანი", - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირმა, დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარი ინცინდენტი,  პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლად მიიჩნია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში