თუ ხართ მზად თვეში 60 ლარად ქუჩის ძაღლი შეიფაროთ - მერის წინადადება

24 თებერვალი 2020, 15:26 10487 ნახვა

ბათუმის მერია ცდილობს გამონახოს ახალი გზები, როგორ გადაჭრას ქალაქში ქუჩის ცხოველების პრობლემა და ამავე დროს პროცესებში საზოგადოებაც ჩართოს. 

ლაშა კომახიძე ინიციატივით გამოდის, ამოქმედდეს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს თვეში 60 ლარს გადაუხდიან, თუ ისინი უპატრონო ცხოველებს შეიფარებენ და მოუვლიან. 

ცხოველებს ოჯახებს თავშესაფრიდან მიუყვანენ. ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროგრამას ხუმრობით „კუპატას პროგრამას დაარქმევენ“. 

კუპატა ქვია ძაღლს, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე ბავშვებს გზის გადაკვეთაში ეხმარება. მას ცოტა ხნის წინ მოქალაქეებმა სახლი აუშენეს. 

„ჩვენ ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ხშირად ჟღერდება ახალი მუნიციპალური თავშესაფრის გაკეთების იდეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძაღლების პოპულაციის ზრდა, ქალაქის ტერიტორიაზე დაკავშირებულია არა არსებულის გამრავლებასთან, არამედ ახალი ნაკადების შემოსვლასთან სხვა  მუნიციპალიტეტებიდან. ხშირად ჩამოჰყავთ ძაღლები, ლეკვები და ტოვებენ  ქალაქის გარეუბნებში ან ნაგავსაყრელზე, ეს კი საბოლოოდ თავს იყრის ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე სხვაგან, რაც  შემაწუხებელია მოსახლეობისთვის“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, მარტიდან ამოქმედდება და მისი წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს.

ბათუმში ბოლო პერიოდში ქუჩის ძაღლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 

ორი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო პროგრამა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას ითვალისწინებდა. ბათუმის მერიამ კომპანია ''სევერთან'' პირდაპირი შესყიდვა 11 თებერვალს გააფორმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში