"ვაგრძელებ დასახული გეგმის განხორციელებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი გახდეს" - გიორგი კოხრეიძე გაფიცვაზე

25 თებერვალი 2020, 15:03 2250 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებელში, ჟურნალისტების  პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ მას არ სურს თანამშრომლები იფიცებოდნენ, თუმცა ეს მათი უფლებაა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. 

ფიქრობს, რომ მისი ნაბიჯები მაუწყებლის გაძლიერებისკენ არის მიმართული და არცერთი თანამშრომლის არც უფლება დარღვეულა და არც საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი აქვს. 

"ეს სამთვიანი მუდმივი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიცვალოს საინფორმაციო პოლიტიკა, ჩემი პოზიცია მაქვს. მე არ ვცდილობ ჩავერიო საინფორმაციო საქმიანობაში. მე ვცდილობ, გაძლიერებას და აქედან გამომდინარე იყო ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საშტატო განრიგში. ჩემი სურვილი არ არის, რომ თანამშრომლები გაიფიცონ, ეს არის მათი უფლება და მხოლოდ მოვუწოდებდი, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთონ, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი აქვს. 

ვაგრძელებ ჩემს დასახულ გეგმის განხორციელებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი გახდეს, უფრო ყურებადი იყოს და უფრო მეტ ადამიანთან მივიდეს. ეს არის ჩემი მიზანი და ამას ემსახურებოდა ცვლილებები. თუ ნახეთ, ჩემი შეთავაზება იყო, რომ გააკეთეთ ერთსაათიანი გადაცემა, რომლიც იქნება სრულად თავისუფალი, მაგრამ ამ გადაცემაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ის ადამიანები, რომლმაც უნდა გააკეთოს" განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ.

ამბობს, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა თითქოს მაია მერკვილაძე მოიშორეს საინფორმაციო სამსახურიდან, ფიქრობს რომ ის კარგი კადრია, თუმცა მასზე არ გადის მაუწყებლის რელსი.  

"არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებთ, თითქოს მე შეველიე მაია მერკვილაძის კადრს. მე არავის ველევი, მე მას შევთავაზე სრული კარტბლანში - ერთსაათიანი ყოველდღიური ტოქშოუ გააკეთოს, მაგრამ ამ გადაცემის პლუსებსა და მინუსებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. მაია კარგი კადრია, თუმცა მასზე არ გადის მაუწყებლის რელსი. 

იცით როგორ მომენტია, არ მჭირდება საინფორმაციო სამსახურში გაორებული თანამდებობები. საინფორმაციო სამსახურს ყავს თავისი უფროსი, რომელიც არ იცვლება, შესაბამისად არ იცვლება საინფორმაციო პოლიტიკა. თუ საინფორმაციოს უფროსი არ წყვეტდა საკითხებს და წყვეტდა სხვა ადამიანი, არ ყოფილა მაშინ ამ ორგანიზაციაში ყველაფერი კარგად. საინფორმაციოს უფროსი ვალდებულია პასუხი აგოს იმ ყველაფერზე, რაც ხდება მის ქვემოთ" - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ, ასევე თქვა რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი არ დატოვებს თანამდებობას. 

კითხვაზე, თუ რატომ ეჩვენება კოლექტივს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთიკის ქარტიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, რომ მაუწყებლის იდეას ამ გადაწყვეტილებებით საფრთხე ემუქრება, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან მიკერძოებულები და ამის უამრავი მაგალითი მაქვს. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ აქვთ ცალმხრივი ინფორმაცია და არ ჩანს არსად მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში