"თქვენ აღმოჩნდით "ქართული ოცნების" ტროას ცხენი" - თამარ კორძაია გიორგი კოხრეიძეს მიმართავს

27 თებერვალი 2020, 13:17 2160 ნახვა

"თქვენ აღმოჩნდით ქართული ოცნების ტროას ცხენი, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნგრევა," -  ამ სიტყვებით მიმართა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გადაცემა "მთავარი"-ში რეპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ, სადაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

"მინდა მივმართო თქვენს დირექტორს, ბატონო გიორგი თქვენ კარგად იცით რად დაჯდა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოგვეტანა დღემდე. ძალიან კარგად იცით, რა ძვირი გვიღირდა ყველა ცვლილების შეტანა კანონში და მერე ამ რეფორმის განხორციელება. ამ რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურნეო საბჭოს ჩამოყალიბება.... ყოველ ნაბიჯზე ჩვენ ვაწყდებოდით პოლიტიკური ნიშნით დაბრკოლებას.

ამ ფონზე, თქვენ მოხვდით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოში. სამწუხაროდ, დღეს საჯაროდ უნდა ვთქვა, რომ თქვენ აღმოჩნდით "ქართული ოცნების" ტროას ცხენი ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შემდეგ კი აჭარის ტელევიზიაში, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებრივ მაუწყებლის იდეის ნგრევა" - აცხადებს თამარ კორძაია

დეპუტატმა ახსნა თუ რატომ გააკეთა ეს განცხადება და გაიხსენა "პირველ არხზე" ვასილ მაღლაფერიძის მოსვლის შემდეგ განვითარებულ პერიოდი. ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძე ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა "პირველ არხზე" გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვას და ერთ-ერთი იმათგანი, ვინც გიორგი ახმეტელს შეუწყვიტა ხელშეკრულება:

"მოხვედით იმ ფონზე, როდესაც სრულიად უსამართლოდ გაუშვეს ნათია კაპანაძე, რომლისთანების ზურგზეც დგას საქართველოში სიტყვის თავისუფლება. უკანონოდ და პოლიტიკური მოტივაციით გაუშვეს სამსახურიდან  ადამიანი, რომლის დროსაც აჭარის ტელევიზიამ მოიპოვა ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოვებელი ტელევიზიის სტატუსი.

ამ ფონზე მოხვედით და დღეს მზად ხართ გაუშვათ ყველა ტელევიზიიდან, ან ისე დაუკნინოთ ფუნქციები, რომ თქვენი მართული და "ქართული ოცნების" მართული იყოს ეს ტელევიზია. ახლა, ამ ეთერში რომ ვლაპარაკობ  და მოგმართავთ პირადად, ამაზე შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ სიტყვის თავისუფლების შედეგია ამ მაუწყებელში.  თავისუფლება კინათია კაპანაძის, ნათია ზოიძის, მაია მერკვილაძის, თეონა ბაკურიძის და სტუდიაში მსხდომი ადამიანების გმირობის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები გადაარჩენენ ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასაც და გადაარჩენენ სიტყვის თავისუფლებასაც",

ის ამბობს, რომ საქართველოში ძალიან იშვიათია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია. გიორგი კოხრეიძეს მოუწოდებს, რომ შეუნარჩუნოს აჭარის ტელევიზიას სარედაქციო დამოუკიდებლობა. "თქვენ გქონდათ შანსი გამოგეყენებინათ აჭარის ტელევიზია და ყოფილიყავით ყველაზე დაბალანსირებული ტელევიზიის დირექტორი" .   

საუბრის ბოლოს კი, თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ მას აქვს იმედი, აჭარის მაუწყებლის დირექტორი გამოეხმაურება ამ მიმართვას. 

შეგახსენებთ: გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, მაუწყებელში უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა. ხელშეკრულება 4 თანამშრომელს შეუწყვიტეს, სანაცვლოს კი სხვა პოზიციაზე მუშაობა შესთავაზეს.  საშტატო ერთეულების გაუქმებას მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატიული პროფკავშირების პროტესტიც მოჰყვა და საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლა დააანონსეს.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში