სწავლა კერძო ბაღებსა და სკოლებშიც შეწყდება - მთავრობამ განკარგულება გამოსცა

03 მარტი 2020, 17:26 7770 ნახვა

საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლასა და ბაღში ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა შეწყდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სასწავლებელი კერძოა თუ სახელმწიფო - გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და მისი აღსრულება სავალდებულოა - ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 

''ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავრობის განკარგულებით, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს სკოლებსა და ბაღებში. ასევე სპეციალური ხსნარით ამუშავებენ მუნიციპალურ ტრანსპორტს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ექიმების დაკვირვების ქვეშ კვლავ სამი პაციენტი რჩება. 

ასევე ხელისუფლება კერძო სექტორსაც მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს მუშაობა  - საუბარია საცურაო აუზებზე, სავარჯიშო დარბაზებსა და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებზე. დროებით გადაიდო სპექტაკლები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში