კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა - მარინა ეზუგბაია

05 მარტი 2020, 11:49 2169 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 44 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღენიშნება ტემპერატურა, 38.5 გრადუსზე მეტი. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, წინა სამი შემთხვევისგან განსხვავებით, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა.

„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან-დღემდე. ოჯახის წევრებს მიხედავს დაავადებათა კონტროლი და დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38 ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება აღენიშნება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“,- განაცხადა ეზუგბაიამ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეოთხე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გვიან ღამით დადასტურდა. ინციფირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა, ქვეყანაში კი კვირას დაბრუნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 25 პაციენტია მოთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში