საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

05 მარტი 2020, 13:32 1470 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ივანე მაჭავარიანის თქმით, თუ ქვეყანას უნდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინოს, მაშინ ფრენები საერთოდ უნდა აიკრძალოს.

„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკი მაინც დარჩება – შესაძლოა, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

ქვეყანამ სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან რამდენიმე კვირის წინ შეაჩერა. 

საქართველოში კორონავირუსი მეოთხე პაციენტს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში