გიორგი აბაზაძეზე ბულინგი განხორციელდა - მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის განცხადება

06 მარტი 2020, 20:49 3579 ნახვა

გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა - ეს განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

''6 მარტს რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი აბაზაძის მიმართ ბულინგი და მობინგი განხორციელდა. რამდენიმე თანამშრომელი მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და  დისკრიმინაციული სიტყვებით მიმართავდა. აიძულებდნენ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. გიორგი აბაზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წინასაინფაქტო მდგომარეობა დაუდგინდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში დამახინჯებულად გაშუქდა თანამშრომლის დისკრიმინაციის ფაქტი. მაყურებელს მიეწოდა მცდარი ინფორმაცია. 

ეს ვითარება წააგავს ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, როცა წინა მენეჯმენტის დროს, ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, მათი პოზიცია კი ეთერში სათანადოდ არ შუქდებოდა. ასევე ეთერში ვერ ხვდებოდა მაუწყებლიდან უკანონოდ დათხოვნილთა პრეტენზიები. 

სამსახურის უფროსის მითითების შესრულება ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი. დღეს მომხდარი ინციდენტი დროს კი რამდენიმე თანამშრომელმა უხეშად დაარღვია არა მარტო ხელშეკრულება, არამედ ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები. მოახდინა ადამიანის დისკრიმინაცია. 

მივმართავთ დირექტორს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ.

მოვითხოვთ: შეწყდეს სამსახურეობრივი ბულინგი და მობინგი, რაც საერთო ჯამში იწვევს მუშაობის შეფერხებას''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში